დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა საჯარო დებატებში მონაწილეობა მიიღეს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. დებატებს თემაზე - „უსახლკარობა-რა ხედვა აქვს სახელმწიფოს?“ უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დებატების თემატიკაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, დამსწრე საზოგადოებას თბილისის თვითმმართველობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გააცნეს, რეკომენდაციები გაუზიარეს და მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიებას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სხვადასხვა რაიონების თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფესორ-ურბანისტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება, რომლებსაც საზოგადოების, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.