დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის საქველმოქმედო აქციით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე ესწრებოდა, რომლის შუამდგომლობითაც ამერიკული ორგანიზაციის "უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ფონდი საქართველოში" წარმომადგენლები საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას დაუკავშირდნენ.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შეხვედრები ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთი კვირის მანძილზე იმართებოდა, სადაც საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადაცემა დაიგეგმა.
ირაკლი ფავლენიშვილმა ტრაგიკული დღეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაზარალებულების დახმარების მიზნით დედაქალაქის მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მისი თქმით, პროცესში უცხოელი დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
,,მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე მოსახლეობას, რომ სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის შემსუბუქებისა და ზარალის ანაზღაურებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დავიშურებთ",-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს მათი სურვილისამებრ 100 000-მდე ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კერძოდ სარეცხი მანქანები, მაცივრები და გაზქურები წლის ბოლომდე გადაეცემათ.
კომისიის სხდომას დეპუტატების გარდა ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდა.