დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული წესის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნება, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს განსაზღვრავს.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის აპარატის უფროსმა ვლადიმერ ხასიამ და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ლომინაძემ დეპუტატებს უსახლკაროთა პირადი რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნვეყოფის კრიტერიუმები წარუდგინეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშედარების საფუძველზე განისაზღვრება. ფართით უზრუნველყოფა კი, ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილებაა ითვალისწინებს.
აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობა სამგორის რაიონში, კერძოდ, ორხევის დასახლებაში მიმდინარეობს და უკვე დასრულების სტადიაშია.
კომისიის სხდომას ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი შალვა ლომსაძე და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე ესწრებოდნენ.