თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში წარმოადგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატმა დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მოქალაქეების ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარებას გულისხმობდა.
ირაკლი ფავლენიშვილმა ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესი, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის (კარვების) მოვლა-პატრონობა.
დეპუტატმა საზოგადოებას ასევე წარმოუდგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და მათი განხორციელების წესი, რომელიც ონკოპრევენციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ასევე ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამების განხორციელებას მოიცავს.
ირაკლი ფავლენიშვილმა დეტალურად ისაუბრა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამებზე და მოსახლეობას C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანასების განხორციელების წესი გააცნო.
მისივე თქმით, საკრებულომ ხმათა უმრავლესობით ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის’’ ქვეპროგრამის განხორციელების წესი დაამტკიცა და ადრეული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარ სტიქიასაც შეეხო და მოსახლეობას დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ირაკლი ფავლენიშვილი სისტემატურად ესწრებოდა ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომებს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ,,უფასო სასადილოების’’ პროგრამის გაუმჯობესების შესახებ მსჯელობდნენ.
დეპუტატმა კომისიაში შესული განცხადებების სტატისტიკაც წარმოადგინა და დეტალურად აღწერა ის მოთხოვნები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას ჯანდაცვის კუთხით ესაჭიროება.
კომისიის სხდომების გარდა ირაკლი ფავლენიშვილმა სამუშაო შეხვედრები ბავშვთა კვების წარმომადგენელ კომპანიებთან გამართა, სადაც საუბარი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობას შეეხო. დეპუტატის თქმით, წარმატებით განხორციელდა ,,შინმოვლის’’ პროექტი, რომელიც ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საწოლს ან სახლს მიჯაჭვული ადამიანების დახმარებას’’ გულისხმობს.
კომისიის თავმჯდომარემ დღესვე განხილვის პროცესში მყოფი პროექტები წარმოადგინა და მოსახლეობას მათ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ანგარიშის მოსმენას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.