24 აგვისტო 2018
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში.
წარმოდგენილი პროექტით იცვლება „დაავადებთა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ რამდენიმე პუნქტი. კერძოდ, ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს. მოქმედი რედაქციით, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამოწმებს. ეს ცვლილება თბილისის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს. გადაწყდა, რომ პროექტი მეტ დახვეწას საჭიროებს და ერთობლივი მუშაობის შედეგად კომისიის მომდევდო სხდომაზე ეს საკითხი კვლავ გავა განსახილველად.