თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების დადგენილების პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის შვიდი ქვეპროგრამის : „დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, „ტრანსპლანტაციის“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების დადგენილების პროექტით მტკიცდება „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ განხორციელების წესი”, მტკიცდება „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი”, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესი”, „უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ ქვეპოგრამების განხორციელების წესი“, „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, წარმოდგენილი პროექტით ემატება „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამეტებით დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების პირობებს. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერის წლიური ლიმიტი შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, ლიმიტის ამოწურვამდე, კალენდარული წლის განმავლობაში.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებში ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის ოდენობის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკითხი მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგოლიძემ წარადგინა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.