თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი დანელიამ წარუდგინა.
2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ საკითხთა შორის რჩება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამები. მათ შორის, გათვალისწინებულია და გრძელდება ,,C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ძუძუს კიბოს, სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, ტრანსპლანტაციისა და სხვა ქვეპროგრამები.
სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და მერიის შესაბამისი სამსახურების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, შემდეგ კი თბილისის მერიას გადაეგზავნება.