22 თებერვალი 2022
დღეს, საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული სრულწლოვანი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის ფორმატში სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამის გაძლიერებაზე იმსჯელეს, რაც ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობის გაზრდას მოითხოვს. შეხვედრაზე საუბარი იყო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა საჭიროებებს მორგებული ვაუჩერული დაფინანსების ჩამოყალიბებაზე, რომელიც 18 წლის ასაკს გადაცილებული ახალგაზრდების ბინის ქირით უზრუნველყოფას მოიცავს, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების კოეფიციენტის გაზრდის და სრულფასოვანი ცხოვრების წინაპირობაა. ზურაბ ჩიკვილაძემ და მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ზემოთაღნიშნული წინადადების განხილვის, დამუშავების და მხარდაჭერის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრაში საქართველოს "SOS ბავშვთა სოფელის" პროგრამების განვითარების ეროვნული დირექტორი თამარ ჭანტურია, თბილისის პროგრამის დირექტორი მარინე შაღაშვილი-ქავთარაძე, ამავე პროგრამის ეროვნული მრჩეველი (ალტერნატიული ზრუნვა) გურანდა თეთრაძე მონაწილეობდნენ.