12 თებერვალი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის წესში“ ცვლილება შედის; წარმოდგენილი სიახლით, თვეში დასაფინანსებელ ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და 850-ის ნაცვლად 1000 ბენეფიციარს შეადგენს. აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსება თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
კომისიის სხდომაზე მეორე საკითხს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ წარმოადგენდა. პროექტით, აღნიშნული წესისთვის მუხლების დამატებაა გათვალისწინებული, რომლებიც წესში გამოყენებულ ტერმინებს განმარტავს და მას განსხვავებული სტრუქტურით ჩამოაყალიბებს; ცალ-ცალკე მუხლებში წესრიგდება უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა და შესაბამისი კრიტერიუმებიც.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, აღნიშნული პროექტის მიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკიხთა კომისიის სხდომაზე ორივე საკითხს მხარი დაუჭირეს.