28 დეკემბერი 2018 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. სხდომაზე განსახილველი საკითხები, კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. ჩივიაშვილის თქმით, ცვლილებები შედის ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში.
კერძოდ, იცვლება „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი. ცვლილება შედის აღნიშნული წესის მე-5 მუხლში, რომელიც ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვას ეხება. ამას გარდა იცვლება „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ , „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის”, „ ტრანსპლანტაციის“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
ასევე, ცვლილება შედის „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ განხორციელების წესში. კერძოდ აღნიშნული ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამასთან ერთიანდება.
კომისიის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ იცვლება „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამა, რომლითაც განისაზღვრება პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიები.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. წარმოდგენილი წესის თანახმად, კომპენსაციის მიმღებ პირებს, რომლებსაც 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირა უნაზღაურდებოდათ, კომპენსაციის გაცემა 2019 წლის ბოლომდე გაუგრძელდებათ.
აღნიშნულ საკითხებს კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს.