09 ივნისი 2020 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებში ცვლილებების განხორციელებაზე იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, ერთჯერადად 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე დასაქმებული პირები შრომით ანაზღაურებას მიიღებენ.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამასთან შესაბამისობაში მოდის.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.