თბილისის მუნიციპალიტეტიის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებმა გულიკო ზუმბაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა, თემაზე „4 თებერვალი მსოფლიოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე“ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათი განაცხადებით, 2011 წელს საქართველოში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით, 25143 პაციენტი იყო რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებით კი, ყოველწლიურად საქართველოში 8000 კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, უახლესი 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელების მასშტაბები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
მათივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 40-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სკრინინგ ცენტრი ფუნქციონირებს.
აღნიშნული ცენტრები რეგიონებში მთლიანად სახელმწიფო, ხოლო დედაქალაქში თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
აქედან გამომდინარე, კიბოს პრევენციის მიზნით, მოსახლეობისათვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ფინანსურად ხელმისაწვდომია გამოკვლევების ჩატარება.
თუმცა, როგორც კომისიების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, მოსახლეობას არ გააჩნია სათანადო ცოდნა და ინფორმაცია კიბოს პრევენციული ღონისძიებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რის გამოც, საქართველოში კიბოს დიაგნოსტიკა გვიან სტადიაში ხდება და ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინციატივით, მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 4 თებერვალს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პროგრამით გათვალისწინებულ გამოკვლევებს ჩაიტარებენ. (მის. წერეთლის გამზირი N69)
აღნიშნული აქციით საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები და ჩაერთონ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.