დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ასევე ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, C ჰეპატიტით ქვეყანაში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტში თბილისში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად 1,400,000 ლარი გამოყო.
„დღევანდელი ღონისძიება 2015 წლის ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო პროექტს, კერძოდ კი C ჰეპატიტის, როგორც დაავადების მართვასა და ელიმინაციას ეძღვნება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა და ჩვენც, ჩვენის მხრივ მივიღეთ ეს გამოწვევა და სოლიდარობა გამოვუცხადეთ აღნიშნული დაავადების პრევენციისკენ მიმართულ კამპანიას.
მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით და სამომავლოდ ამ კამპანიის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.
კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად, საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებია საჭირო. სახელწიფო აკეთებს ყველაფერს , რათა თანადაფინანსებისა და მედიკამენტებზე ფასთა კლების საშუალებით, აღნიშნული დაავადების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისათვის. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი პრეპარატის განკურნების ხარისხი, რომლის გამოყენებაც მალე დაიწყება , 90-95 %-ს აღწევს“-აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები, აპარატის თანამშრომლები და თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს შორის აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნეონატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელიც საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი ორგანიზაციაა.