18 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს, გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 082 482,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 983 178,0 ათასი ლარი) მიმართებაში 99 304,2 ათასი ლარით არის გაზრდილი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 656 339,7 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 531,3 ათასი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 760,6 ათასი ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 491,3 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 182 384,4 ათასი ლარი; განათლება - 300 602,4 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 558,8 ათასი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 196,7 ათასი ლარი. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 257 537,5 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია 182 384,4 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (165 575,2 ათასი ლარი) მიმართებაში 16 809,2 ათასი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტის ფარგლებში ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 44 329,3 ათასი ლარი, მათ შორის გრძელდება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების, სახსრების ენდოპროტეზირების, დაავადებათა სკრინინგის და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 138 055,1 ათასი ლარი. გრძელდება შემდეგი ქვეპროგრამების დაფინანსება: კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, შინმოვლის თანადაფინანსება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საკურორტო მომსახურება და დახმარება, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები რაიონებში და სხვა;
კომისიის სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდება.