19 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 085 987,8 ათასი ლარის ოდენობით და ნაშთის ცვლილება 267 820,6 ათასი ლარით.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება. ასევე წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია წინადადებები თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით: გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება – 219,9 ათასი ლარი, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება – 11,0 ათასი ლარი, ტრანსპლანტაცია – 250,0 ათასი ლარი, უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში ) – 5,0 ათასი ლარი, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები – 1 850,0 ათასი ლარი, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება – 55,0 ათასი ლარი და სხვა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.