19 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საკითხი განიხილეს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ გააცნო.
პროექტის მიხედვით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, მედიკამენტ „ოკრელიზუმაბის" კანქვეშა ფორმის დანერგვას და გაფანტული სკლეროზის მქონე პაცინტებისთვის მკურნალობის თანამედროვე ფორმებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, „ოკრელიზუმაბის" კანქვეშა ფორმით მკურნალობის შედეგად, პაციენტი ნაკლებ დროს ატარებს კლინიკაში. არსებულ საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტს შეუძლია მიიღოს მკურნალობა „ოკრელიზუმაბის" როგორც ინტრავენური, ასევე კანქვეშა ფორმით. ამასთან, ექიმისა და პაციეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, უკვე მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტს, მედიკამენტის ინტრავენური ფორმა შეეცვალოს კანქვეშა ფორმით. „ოკრელიზუმაბის" კანქვეშა ფორმა არის დამატებითი შესაძლებლობა, იმისათვის რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტმა შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.