25 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 77 111,4 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 2 348 609,0 ათას ლარს შეადგენს.
ამავე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
ცვლილების მიხედვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებს დაემატა ახალი ქვეპროგრამა „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.“
პროექტის თანახმად, „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-99 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებს ემატება „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრების პროგრესირებად, შეუქცევად დაზიანებას და ქმედუუნარობის განვითარებას იწვევს.
საერთაშორისო რეკომენდაციების (EULAR, ACR) თანახმად, მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალებებით იწყება, თუმცა გარკვეული შემთხვევების დროს ეს თერაპია არ არის ეფექტიანი. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის სქემაში, ბიოლოგიური მედიკამენტების ჩართვაა მოწოდებული, რაც დაავადების პროგრესირებას ამცირებს და პაციენტის ფუნქციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების ქვეპროგრამა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისთვის სწორედ ასეთი მედიკამენტის მიწოდებას უზრუნველყოფს. წესში გაწერილია ზოგადი დებულებანი, ქვეპროგრამის მოსარგებლეების კრიტერიუმები, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა, ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია, მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურა, მიმწოდებელთან ანგარიშგება და ანაზღაურება, ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.