19 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე "თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 62 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 271 497,5 ათას ლარს.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. ცვლილების მიზანი „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში დევნილის სტატუსის მქონე მოსარგებლეების ჩართვის კრიტერიუმების დეტალურად გაწერა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის დაზუსტება და ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაა.
სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი ცვლილება, ქვეპროგრამაში ჩართვისთვის წარმოსადგენ დოკუმენტაციას ეხება და ქვეპროგრამით სარგებლობას როგორც მომსახურების მაძიებელთათვის, ისე ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის ამარტივებს.
საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.