თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებულ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამაში ცვლილების შესახებ იმსჯელეს.
ცვლილების მიზანი, 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდა და ქვეპროგრამის მოსარგებლედ განსაზღვრის კრიტერიუმების დაზუსტებაა.
წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ფულადი დახმარება განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.