თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, წესი საჭიროებს გარკვეული ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რასაც სამუშაო პროცესში გამოვლენილ შემთხვევათა მრავალფეროვნება განაპირობებს.
ცვლილებების მიზანია, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების პროცედურებისა და ვადების უკეთესად გამოკვეთა, გამგეობების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაზუსტება და წესის ისე ჩამოყალიბება, რომ რაც შეიძლება მოქნილი იყოს, როგორც განმცხადებლის, ასევე სამსახურისთვის, სამუშაო პროცესში.
წესში ხორციელდება როგორც რედაქციული ასევე შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც ეხება უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის საჭირო კრიტერიუმებს, ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობას, საცხოვრისის მოძიების პროცედურისათვის განსაზღვრულ გონივრულ ვადას და ფართის მოძიების შემდეგ შუამდგომლობების გაგზავნას კონკრეტული ოჯახისთვის ფართის შეძენის თაობაზე. ცვლილებით ასევე კეთდება ჩანაწერი იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი გამგეობა შეიძენს ფართს ოჯახის წევრთა განსხვავებულ იურიდიულ მისამართებზე რეგისტრაციისას.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.