თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს.
საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, წესში ცვლილებების შეტანის მიზანი ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის, უახლესი გაიდლაინებით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით მედიკამენტების მიწოდებაა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის, ინფუზიების რაოდენობა იზრდება.
კერძოდ, წესის ამჟამად მოქმედი რედაქციით, პაციენტის წონის მიუხედავად, მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 14 ინფუზიის მოცულობით, ხოლო მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 14 ინფუზიის მოცულობით.
წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილი ცვლილებით, ორივე შემთხვევაში, მოცემული ინფუზიების დოზა - გაიზრდება 18-მდე, ვინაიდან, კიბოს ნაციონალური ყოვლისმომცველი ქსელი (NCCN) - PMC - NCBI -ის 2024 წლის გაიდალაინის მიხედვით, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისას პერჯეტა + ჰერცეპტინის (ფესგოს) სტანდარტი წარმოადგენს 21 დღიანი ციკლებით მკურნალობას 1 წლის განმავლობაში, რაც შეადგენს 18 ციკლს/ინფუზიას. შესაბამისად, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს, შესაძლებლობა ექნებათ უახლესი გაიდლაინებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მიიღონ 18 ინფუზია.
დღესვე, "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობაში იქნება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი შალვა ოგბაიძე, ხოლო ამავე ფრაქციის წევრი, ლევან აბაშიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის შემადგენლობას შეუერთდება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.