თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილება „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადასტურებას ეხება.
ამ მიზნით, თავშესაფრის ფარგლებში დაკომპლექტდება არანაკლებ სამ კაციანი გუნდი (რომლის შემადგენლობაშიც შესაძლოა შედიოდეს: მამასახლისი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი).
გუნდის შემადგენლობას თავშესაფრის დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს და მის მოვალეობას „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადასტურება წარმოადგენს.
გუნდი, არანაკლებ ყოველი 45 კალენდარული დღის განმავლობაში, საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების გადამოწმებისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, საცხოვრისში ვიზიტს განახორციელებს. მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში საცხოვრისში ოჯახის არცხოვრების ფაქტის დადასტურებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ოჯახს უსახლკაროს სტატუსი გაუუქმდება.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.