თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“. ცვლილებით, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში, ზუსტდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიები და კვლევა, რომელიც ბეტესტას მეთოდით პაპ-ტესტის მეშვეობით ხორციელდება 30 წლამდე ასაკის ქალებზე გავრცელდება.
რაც შეეხება 30 წელს ზემოთ ქალებს, მათ აღნიშნული კვლევის ჩატარება, 2024 წლის 10 მაისამდე როგორც ბეტესტას მეთოდით პაპ-ტესტის, ასევე HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარების მეთოდით შეეძლებათ.
„აღნიშნული ცვლილება, განპირობებულია იმით, რომ HPV-ზე ტესტირების ცენტრალიზებული მოდელის დანერგვის პროცესში, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ტესტების მოწოდება, უგულებელყოფილი არ იქნას ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ინტერესები და არ დაირღვეს მათი უფლებები. მსგავს შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად, ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებებს, 2024 წლის ათ მაისამდე, უფლება ეძლევათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, 30-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში, განახორციელონ HPV ტესტირების მეთოდით ან პაპ-ტესტის (PAP-ტესტის) ჩატარებით ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით“,- აღნიშნა კომისიის სხდომაზე.
დღესვე, კომისიის წევრებმა, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.