თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
დადგენილების პროექტის თანახმად, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შედის. კერძოდ, მოქმედი რედაქციის მიხედვით, ქვეპროგრამის ფარგლებში, ამჟამად თვეში ფინანსდება 1850 ბენეფიციარი, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, აღნიშნული ლიმიტი 250 ერთეულით იზრდება. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში ამიერიდან 2100 ბენეფიციარი დაფინანსდება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2024 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციები - 10 000,0 ათასი ლარით და შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის - 16 000,0 ათასი ლარით და სხვა.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 241 034,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 004 389,6 ათას ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პროგრამებზე /ქვეპროგრამებზე, მათ შორის იზრდება დაავადებათა სკრინინგი - 800,0 ათასი ლარით, სახსრების ენდოპროტეზირების დაფინანსება - 500,0 ათასი ლარით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია - 1 080,0 ათასი ლარით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება - 201,0 ათასი ლარით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები - 1 000,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები ისნის რაიონში - 250,0 ათასი ლარით, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა - 1 562,0 ათასი ლარით (მათ შორის ორხევში, მუხაძის ქ.12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისიდან გამოყვანილი 76 უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის ბინის ქირა - 912,0 ათასი ლარი), სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება - 100,0 ათასი ლარი, შინმოვლის თანადაფინანსება - 35,0 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.