თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ
რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
ცვლილების თანახმად წესში ჩნდება დამატებითი ჩანაწერი დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, წესი არ გავრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე/ოჯახებზე მაშინაც კი, თუ ოჯახის ერთ წევრს მაინც აქვს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
დევნილთა საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული უფლებების დაცვა, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული, რაც ასეთ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, თბილისის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის გავრცელებას გამორიცხავს.
გარდა ამისა, წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უსახლკარო პირად რეგისტრაციის დამატებით პირობად განისაზღვრება, რომ განაცხადის შევსების დროს პირი იყოს სრულწლოვანი.
წესის მე-3 მუხლს ემატება ასევე უსახლკარო პირად რეგისტრაციის
გამომრიცხავი გარემოებები და პუნქტი, რომლის მიხედვითაც, უსახლკარო სტატუსის მაძიებელ პირს შეუძლია ისარგებლოს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული ლილოს მიუსაფართა თავშესაფრით.
აღნიშნული ჩანაწერი ინფორმაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს დაკონკრეტებას, რომ უსახლკარო სტატუსის მაძიებელ პირს, წესის მიხედვით, შეეთავაზება მხოლოდ თავშესაფარი და არა მაგალითად საცხოვრისი.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ამავე წესში შესატანი კიდევ რამდენიმე დამატებითი ცვლილება განიხილეს, რომელიც ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით გათვალისწინებულ პირობებსა და ორ სულიანი ოჯახებისთვის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭებას ეხება.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.