თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ 2024 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომლის თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632,132.6 ათასი ლარი) მიმართებაში 68,779.8 ათასი ლარით არის გაზრდილი.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების დაფინანსება - 154 685.2 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (144 160,7 ათასი ლარი) მიმართებაში 10 524,5 ათასი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტის ფარგლებში, ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 32 783,0 ათასი ლარი, მათ შორის გრძელდება გადამდებ და არაგადამდებ ეპიდემიოლოგიური კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, სახსრების ენდოპროთეზირების, დაავადებათა სკრინინგის და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 121 902,2 ათასი ლარი. გრძელდება შემდეგი ქვეპროგრამების დაფინანსება: კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, შინმოვლის თანადაფინანსება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საკურორტო მომსახურება და დახმარება, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები რაიონებში და სხვა.
კომისიის სხდომაზე ლევან მიქავამ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილებების პროექტიც წარმოადგინა, რის საფუძველზეც იზრდება შემდეგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება: დაავადებათა სკრინინგი (კოდი 06 01 02) - 500,0 ათასი ლარით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია (კოდი 06 01 06) - 291,0 ათასი ლარით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება (კოდი 06 02 02) - 199,8 ათასი ლარით, უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი 06 02 06 02) - 22,0 ათასი ლარით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი 06 02 09) - 1 103,5 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები კრწანისის რაიონში (კოდი 06 02 18 15) - 100,0 ათასი ლარით.
კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ „ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში შესატანი ცვლილება წარადგინა, რომელიც სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის წესის ცვლილებას ეხება. აღნიშნული, ქვეპროგრამის ფარგლებში ელექტრონული მოდულის დანერგვამ განაპირობა. კერძოდ, მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონულ მოდულზე გადასვლით, გაჩნდა საჭიროება დაზუსტებულიყო ქვეპროგრამის მოსარგებლეების კრიტერიუმები, ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი, მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურა, მიმწოდებელთან ანგარიშგება და ანაზღაურება, გაიწერა მოთხოვნის განხილვისა და დაფინანსების პროცედურები, კონტროლის განხორციელება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რეკომენდაციებით თბილისის მერს დაუბრუნდება.