თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტში შედის.
წესის ამჟამად მოქმედი რედაქციით, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები 400 ლარიანი ვაუჩერით ფინანსდება. აღნიშნული ცვლილებით კი ვაუჩერის ღირებულება 450 ლარამდე იზრდება.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.