თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს, რომელიც მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, მტკიცდება ქვემოთ ჩამოთვლილი თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები/ქვეპროგრამები:
„დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, „ტრანსპლანტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციისა“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამებს დაუთმეს.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, მშობელს არ აქვს არჩევანის საშუალება და მომსახურებას იღებს სტანდარტიზირებული წესით, კერძოდ: ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არის დადგენილი.
წარმოდგენილი ახალი პროექტით კი მშობელს უფლება ეძლევა თავად აირჩიოს სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად ან ბაზისური მომსახურება (სტანდარტიზებული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით). ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის სეანსების მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მიწოდებისას თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს; სეანსების რაოდენობა თვიურად უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში.
განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, რომლის ღირებულებაა თვეში 400 ლარი. ინდივიდუალური განვითარების გეგმის 1/3-ზე მეტი სეანსის არ ჩატარების შემთხვევაში, ვაუჩერის ღირებულებაა 280 ლარი (ვაუჩერის სრული ღირებულების 70%). ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სეანსების მიწოდება განხორციელდება მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან.
ამასთან, მულტიდისციპლინური გუნდის მოთხოვნები შესაბამისობაში მოდის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტთან.
რაც შეეხება „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამაში შესატან ცვლილებას ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით დადგენილი ტარიფების ფარგლებში ფინანსდებოდა შემდეგი მედიკამენტები: ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი; ტრასტუზუმაბი ან პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი და ლაპატინიბი.
მოქმედი წესის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს, ამ წესით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს), გარდა მედიკამენტი „ტრასტუზუმაბისა“, რომლის საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტი მოსარგებლეს უფინანსდება ამ წესით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 50%ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 50%-ს).
ახალი ცვლილებით კი 2022 წელს მოქმედი წესისაგან განსხვავებით, ვინაიდან ფარმაცევტული კომპანიებისგან შემოთავაზებული იქნა მედიკამენტის ფასი უფრო დაბალი ტარიფით, შემცირდა მედიკამენტის ფასი და 2000 ლარის ნაცვლად მიეთითება 1500 ლარი. და პაციენტს მედიკამენტი არაუმეტეს 1500 ლარის ტარიფით მიეწოდება, ნაცვლად 2000 ლარისა. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე გაჩნდა ეკონომია ამიტომ გაიზრდება ინფუზიების რაოდენობა.
სოციალური დაცვის პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში იმსჯელეს „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“, „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების, სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“, „უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ქვეპროგრამებსა და „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში”, „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების ღირებულების ანაზღაურების, „შინმოვლის თანადაფინანსების“, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ წესებსა და სხვა ქვეპროგრამებზე.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის შესახებაც იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მაია დევრისაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.