25 იანვარი 2022
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებში. კერძოდ, კონკრეტდება ის სუბიექტები, რომლებიც კომისიას პირის/ოჯახის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ასეთებად განისაზღვრებიან შემდეგი დაწესებულებები: თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრაციის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შესახებ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტისა და ქირის დამოუკიდებლად გადახდის შესახებ - შესაბამისი გამგეობა, საკმარისი შემოსავლების არსებობის კრიტერიუმთან დაკავშირებით კი კომისიას ინფორმაციას შემოსავლების სამსახურმა და შესაბამისმა საბანკო დაწესებულებამ (დაწესებულებებმა) უნდა მიაწოდონ. „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციის კრიტერიუმის შესახებ ინფორმაციას კომისიას -სოციალური მომსახურების სააგენტო აწვდის.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულ, კომისიის მიერ, უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებულ პირთათვის/ოჯახებისათვის ქულათა მინიჭების იმ სისტემაში, რომლის მიხედვითაც რიგითობა განისაზღვრება.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.