07 ივნისი 2019
თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 18 წელს მიღწეული მზრუნველობამოკლებული სტატუსის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის დირექტორმა მარინე შაღაშვილმა-ქავთარაძემ რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც მზრუნველობამოკლებულის სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებზე სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის გაგრძელებას ეხებოდა.
კომისიის წევრებმა ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მზრუნველობამოკლებული პირებისთვის, რომლებიც 18 წლის შესრულდებიან, ისეთი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაა აუცილებელი, რომლებიც მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. სხდომაზე გადაწყდა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.