თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორცილების წესში ცვლილების შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. საკითხი თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარმოადგინა.
მოქმედ წესთან მიმართებით შეიცვალა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურა. კერძოდ, ფინანსური დახმარების მისაღებად პირმა განცხადებით უნდა მიმართოს მერიას და დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ელექტრონული პროგრამის საშუალებით უნდა წარადგინოს. ამასთან, არ განიხილება სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების დაფინანსების თაობაზე განცხადება, თუკი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტით მოთხოვნილი თანხის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, ამ ცვლილებით დახმარების გაცემის წესი მარტივდება. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეპროგრამის დაფინანსების პრიორიტეტები იგივე რჩება. ესენია: სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ზე ნაკლებია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ვეტერანები; მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ოჯახები; დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები და თბილისის საპატიო მოქალაქეები.
კომისიაზე გამოითქვა ინიციატივა, პრიორიტეტებში მრავალშვილიანი ოჯახები შეიტანონ. თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მრავალშვილიანობის სტატუსის განსაზღვრის საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და როდესაც ეს წესი მიღებული იქნება, პროგრამის დაფინანსებაშიც აისახება.
სხდომაზე ისაუბრეს ქვეპროგრამის დაფინანსების ინტენსივობაზე, მოსახლეობის მხრიდან ხელმისაწვდომობაზე და მომსახურების ხარისხზე.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ასევე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებას.