თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის № 71-134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხები კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 176 487,0 ათასი ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში (154 136,0 ათასი ლარი) 22 351,0 ათასი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება - 10,000.0 ათასი ლარით.
2022 წლის ბიუჯეტით ამოქმედდება უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ახალი პროგრამა. ბოლო ორი წლის მანძილზე ცალკეული ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში 10 000-ზე მეტი კვმ საცხოვრებელი ფართი გადაეცა, რომელიც ამ ეტაპზე მშენებარეა. პროგრამა უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის
ამ ფართების გაყიდვას და მათ ნაცვლად საცხოვრებლად მზა და ვარგისი ფართების შეძენას ითვალისწინებს. 2022 წლისთვის პროგრამის ოდენობა 5 000,0 ათასი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება ამ ღირებულების მუნიციპალიტეტის კუთვნილი მშენებარე ფართების გაყიდვა და ამავე ღირებულების სხვა ფართების შეძენა.
პრიორიტეტის ფარგლებში ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 23 990,9 ათასი ლარი, მათ შორის გრძელდება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, დაავადებათა სკრინინგის და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამებისთვის ჯამში გათვალისწინებულია 147 495,9 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში გრძელდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საკურორტო მომსახურება და დახმარება, საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით მეტროთი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურება, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში, დანგრეული სახლების მცხოვრებთა საკომპენსაციო თანხები რაიონებში და სხვა.
გაიზარდა უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში - 6 113,5 ათასი ლარით და განისაზღვრა 26 308,0 ათასი ლარის ოდენობით (იზრდება კვების ფასი 1,3 ლარიდან 1,7 ლარამდე), სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა დაგეგმილია 14 000,0 ათასი ლარის ოდენობით, სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები რაიონებში 21 120,3 ათასი ლარი, მათ შორის, გლდანის რაიონში - 2 984,4 ათასი ლარი, ნაძალადევის რაიონში - 2 816,4 ათასი ლარი, დიდუბის რაიონში - 1 859,0 ათასი ლარი, ჩუღურეთის რაიონში 1 503,5 ათასი ლარი, ვაკის რაიონში - 1 760,5 ათასი ლარი, საბურთალოს რაიონში - 2 260,8 ათასი ლარი, ისნის რაიონში - 2 036,7 ათასი ლარი, სამგორის რაიონში - 3 473,3 ათასი ლარი, კრწანისის რაიონში - 1 152,9 ათასი ლარი, მთაწმინდის რაიონში - 1 272,7 ათასი ლარი.
რაც შეეხება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის № 71-134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს, წარმოდგენილ პროექტში თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებებია გათვალისწინებული.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023