22 ივნისი 2021
თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
ცვლილებით, ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს დაემატა ტერმინი - „გადაწყვეტილების განაღდება“, რომელიც სხვა საჭიროების (მედიკამენტის) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მედიკამენტის გაცემას გულისხმობს. ასევე დაემატა ტერმინი - „ელექტრონული რეესტრი“ - გააქტიურებული და განაღდებული შემთხვევების აღწერა.
კომისიის სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია დადგენილებაში შესატან ტექნიკურ ცვლილებებზე. ასევე იმსჯელეს ცვლილებებზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და დაფინანსების მოთხოვნის ადმინისტრირების ნაწილში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.