28 თებერვალი 2020 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების საკითხი განიხილეს.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილების თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამებს ახალი ქვეპროგრამა დაემატება, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას გულისხმობს.
სხდომაზე განსახილველ მეორე საკითხს ,,სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დაფუძნებაზე თანხმობის გაცემა წარმოადგენდა.
კომისიის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის არსებულ წესზე, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
ინიციატივის მიზანი ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობაა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.