19 აპრილი 2019
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც სკრინინგსა და ტრანსპლანტაციას ეხება.
კერძოდ, სკრინინგის ქვეპროგრამით წარმოდგენილი ცვლილებით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არსებული 100 მოსარგებლის ნაცვლად, მომსახურება ყოველთვიურად 150 მოსარგებლეს გაუწიოს.
რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება. აღნიშნული წესის თანახმად, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება არსებული 60 ათასი ლარის ნაცვლად 70 ათას ლარამდე იზრდება.
ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.