12 ივლისი 2018
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, „ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტით, „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლი იცვლება.
კერძოდ, მომსახურების საქართველოში გაწევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას დადგენილი ტარიფები, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით, უზრუნველყოს ბენეფიციარისათვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევა.
კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების იურისტებმა წარმოადგინეს.
გარდა ამისა, ცვლილება შედის ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში, რომლის მიხედვითაც, ქვეპროგრამის ბენეფიციარი თბილისის მერიისადმი განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უნდა იყოს.
წარმოდგენილ საკითხებს, კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.