თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესების დამტკიცების საკითხზე იმსჯელეს და მას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გელა ჩივიაშვილმა განმარტა, პროექტით შემდეგი ქვეპროგრამების: „დაავადებათა სკრინინგი“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“, ასევე „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“, „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამა“, „ტრანსპლანტაცია“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება“ განხორციელების წესები და პროცედურები მტკიცდება.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული წესის მოქმედი რედაქციით, მოსარგებლეებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ის ბენეფიციარები წარმოადგენენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველის ქულა თბილისში აქვთ მინიჭებული.
წარმოდგენილი პროექტით კი, ქვეპროგრამის მოსარგებლედ ჩაითვლებიან თბილისში რეგისტრირებული პირები, მიუხედავად იმისა, თუ სად აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული.
წესში ასევე შევიდა დაზუსტება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის იმ ბენეფიციარებს, რომელთაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მისი წარმოდგენის ვალდებულება არ დაეკისრებათ.