21 ივლისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში’’ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, ცვლილების მიხედვით ,,დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ გათვალისწინებული მომსახურების მოცულობას ემატება სქოლიოზის სკრინინგი 4-15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებში.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ,,ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობიდან ამოღებულია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის კომპონენტი, რომელიც განხორციელდება დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში.
ასევე განისაზღვრა მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის საფუძვლები. კერძოდ, განმახორციელებლის მიერ მომზადებული მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 თვით.
ცვლილება ასევე შევიდა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესში. კერძოდ, 2016 წლის 10 ივნისამდე და 2016 წლის ივნისიდან ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის შეიცვალა ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფები და მომსახურების მოცულობები. ასევე მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის წარსადგენი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისთვის 3 თვის ნაცვლად განისაზღვრება 5 თვიანი ვადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიხედვით გასახორციელებელი ცვლილებები გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით.
აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.