დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიება თამარ მეფის სახელობის დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმა და ბენედიქტე მაღლაკელიძის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა.
სტუმრებს სიტყვით აგრეთვე ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ ბენედიქტე მაღლაკელიძემ სისხლის გადასხმისა და ქირურგიის ინსტიტუტებში აქტიური სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში დეტალურად შეისწავლა თაფლის სამკურნალო თვისებები, რითაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავების მიმართულებით.
„მის მიერ შექმნილმა პრეპარატმა „კამელინი“ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იხსნა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მიმაჩნია, რომ იგი ღირსეულად დასახელდა ყველა დროის 100 უდიდეს ქართველს შორის“-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად საკრებულოს წევრმა ლია ჯახველაძემ მიმართა.
მისი განცხადებით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის აქტიური ჩართულობით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი ექიმის სახელი მიენიჭება.
საღამოზე ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრების, ამერიკაში მოღვაწე მხატვრების შემოქმედება, კერძოდ, ქეთევან მაღლაკელიძის, ავთანდილ მახარობლიძისა და ლელა მახარობლიძის ფერწერული ნამუშევრები, დავით (დათი) კაკაბაძისა და "ფოკანის" კოლექციის გამოფენა იყო წარმოდგენილი.
დღესვე, საზეიმო ვითარებაში ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა, სადაც დარგის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულს, რომელიც მუსიკალურად ბენედიქტე მაღლაკელიძის შვილიშვილმა, მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა გააფორმა, გიორგი ალიბეგაშვილსა და ირაკლი ფავლენიშვილს სამახსოვროდ ფერწერული ნამუშევრები გადასცეს.