03 მაისი 2018
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. საკითხი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ლომინაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, წესში ცვლილებები გამოიწვია სახალხო დამცველის რეკომენდაციებმა და არსებულმა პრაქტიკამ.
კერძოდ, იცვლება დადგენილების სათაური და თავშესაფართან ერთად ეთითება საცხოვრისი. დაემატა ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაცია თბილისის რაიონების გამგეობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრა უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა, კონკრეტულ ქულათა მინიჭების სისტემით. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია საცხოვრისით დაკმაყოფილების შესაძლებლობა. პირის ან ოჯახისთვის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებითი განაცხადი მომდევნო 2 წელი არ გინიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი პირი ან ოჯახი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდა საცხოვრისით, ის ავტომატურად ჯდება მომლოდინეთა სიაში.
საკრებულოს კომისიის წევრებმა წესში ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები წარადგინეს, რომელიც რეგისტრაციის წესს ეხება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ საქალაქო სამსახურს წესში ცვლილებების განხორციელებაში თანამშრომლობა შესთავაზა. კომისიამ წარმოდგენილ ცვლილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცა.