თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კომისიების წევრებს ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესი წარუდგინა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, ყველა სოციალური პროგრამების დაფინანსება გრძელდება.
კომისიის სხდომაზე სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდების დამტკიცების საკითხი განიხილეს, რომელიც იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების საშტატო ნუსხაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ეს ცვლილება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც მუნიციპალიტეტს გამგეობებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საშტატო ერთეულების დამტკიცებას ავალდებულებს.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ საკრებულოს წევრებს ორი საქალაქო სამსახურის - ურბანული განვითარების და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების დებულებების ძალადაკარგულად გამოცხადების და მათ ნაცვლად საჯარო სამსახურის იურიდიული პირების დაფუძნების და დებულების დამტკიცების საკითხები წარუდგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი წარადგინა. საქმე ეხება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მიკროავტობუსების შესყიდვის საკითხს, რომელსაც მუნიციპალიტეტი თბილისში მოქმედ მიკროავტობუსების 4 კომპანიას სარგებლობის უფლებით გადასცემს.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.