დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიების თავმჯდომარეებმა გულიკო ზუმბაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა დეპუტატებს ორხევის დასახლებაში, კერძოდ, ჩანტლაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ავტობაზა „ტურისტის“ შენობაში მცხოვრები დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადება წარუდგინეს.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ შენობაში 1998 წლიდან ბინადრობს 10 დევნილი და 6 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი, რომლებმაც წარმომადგენლობით ორგანოს არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შუამდგომლობის თაობაზე მიმართეს.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შენობა მდგრადადაა მიჩნეული, საკითხის განმეორებით შესწავლა აუცილებელია.
სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟმში წარიმართა, ყოფილი ავტობაზის „ტურისტი“ მცხოვრებლების გარდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სსიპ სახელმწიფო და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოებისა და სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხის განხილვისას, მისი გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მიზნით, დეპუტატებმა საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს და
შენობის მდგრადობისა და აღნიშნული შენობის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობების, ასევე დაავადებათა შესაძლო გავრცელების საფრთხის შესწავლის მიზნით, განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.
დღესვე, დეპუტატებმა შპს „თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს“ დირექტორის თემურ შენგელიას განცხადებაც განიხილეს, რომელმაც საკრებულოს თბილისში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სტაციონალური პროფილის მუნიციპალური სამედიცინო ცენტრის დაარსების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაწევის თაობაზე მიმართა.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის შესაბამისი კომისიები დასაქალაქო სამსახურები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებენ მსჯელობას შპს „თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს“ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადასვლასთან და მის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
სხდომას დეპუტატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულების დირექტორი და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.