თბილისის საკრებულოში, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრებს, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, USAID, RTI Intenatinal საბაზისო განათლების პროგრამის ინკლუზიური განათლების დირექტორი ეკა დგებუაძე და დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. მან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნისა და მასში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვმასპინძლობთ ამ გამოფენას. მადლობა ბავშვებს სტუმრობისთვის, არაჩვეულებრივი ნამუშევრებისთვის, რომ გაგვიფერადეს დღევანდელი დღე. წლევანდელი კამპანიის გზავნილი -"ინკლუზია ნიშნავს" გულისხმობს ინკლუზიური გარემოს შექმნას ჩვენთვის - ყველასთვის! სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, თბილისის საკრებულომ, მერიამ, თითოეულმა ჩვენგანმა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ ყველა არსებული გამოწვევის დაძლევა, ამ ბავშვებისა და მოზარდების მომავალი წარმატებისთვის, განათლებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, წელს უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ეგიდით ტარდება.
“საკრებულოს წევრები ვუერთდებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, რომლის გზავნილია „ინკლუზიანიშნავს და ვერთვებით კამპანიაში #წინდამინდა, რომელიც წელს განახლებული ეგიდით-უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ტარდება და წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება.
დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც შშმ პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის პროცესის, ასევე მათი თავისუფალ,თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრების ხელშეწყობა. ამ დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ კამპანიებში ჩართულობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ამ ადამიანების პროფესიული უნარების განვითარებას და შემდგომში დასაქმებას ემსახურება. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ შშმ პირებს, აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე პროცესებში ახლაც და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ჭრელი წინდების და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ფოტო-გამოფენა თანდართული ისტორიებით.
წლევანდელი კამპანია #წინდამინდა განახლებული ეგიდით - უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მიმდინარეობს. წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციის დასახმარებლად გადაირიცხება. 2022 წლის მთავარი გზავნილი ინკლუზიური გარემოს შექმნას და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულყოფილ ჩართვას და ყველა აქტივობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოს, USAID-ის, დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023