თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებმა გულიკო ზუმბაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა, ასევე ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი პირადად დაათვალიერეს და მედპერსონალისგან ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
აქციის ფარგლებში, რომელიც გულიკო ზუმბაძისა და ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით გაიმართა, დეპუტატებმა ცენტრის ეზოში ფიჭვის ხეები დარგეს.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულო და მერია, ყოველთვის მზად არიან თანადგომა და დახმარება გაუწიონ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს.
„მსგავსი აქციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულო და დედაქალაქის მერია ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში და ამასთან, ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს გარკვეული დახმარება და თანადგომა გაუწიოს.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად უნდა დავწიოთ დაბლა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გულიკო ზუმბაძის თქმით, სახელმწიფოს ამ დაავადებასთან ბრძოლის სპეციალური პროგრამა აქვს, მაგრამ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
„ის, რომ საქართველოში, ტუბერკულოზით დაავადებულთა სტატისტიკა ნელ–ნელა იკლებს, დამშვიდების საბაბს არ იძლევა.
ჩვენს მოქალაქეებს დაავადების დროულად აღმოჩენისა და მასთან ბრძოლის თაობაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
ვფიქრობთ, ამ კუთხით თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, ტუბერკოლოზის პრობლემა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, საქართველოსაც აწუხებს, თუმცა ახლა მისი აქტუალიზაცია ხდება და საკრებულო მზადაა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გაუწიოს დახმარება.
24 მარტს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 100 000 ბავშვი იღუპება. უფრო მეტიც, ერთი წლის განმავლობაში ტუბერკულოზით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1 % ინფიცირდება.
ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, მთელს მსოფლიოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.