აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე და საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე აუტიზმის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრში „ფაზლი“ იმყოფებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა ცენტრში არსებული სხვადასხვა თერაპიის ოთახები დაათვალიერეს და აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებებზე მოისმინეს ინფორმაცია.
„ვიმყოფებოდით ცენტრში, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იმ თერაპიას და ყურადღებას იღებენ, რაც მათ სჭირდებათ, რომ შეძლონ გარე სამყაროსთან უფრო მეტად ადაპტირება. აქ შექმნილია ყველა პირობა, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს სჭირდებათ. ჩვენი მხრიდან, საკრებულოს და მერიის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ასეთი ცენტრები კიდევ უფრო დაიხვეწოს,“- განაცხადა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ.
როგორც გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა სამუშაო მაინც ძალიან ბევრია.
„ფაზლის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ სეხნიაშვილის განცხადებით, ცენტრი 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2017 წლიდან კი მერიის აუტიზმის პროგრამის პროვაიდერია. ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრში 76 ბავშვი გადის თერაპიას. მათი ასაკი 2-დან 12-წლამდეა.
საკრებულოს წევრებთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები.