თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სარეაბილიტაციო ცენტრის ,,პირველი ნაბიჯი“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
აღნიშნული ცენტრი ერთადერთია თბილისში, რომელიც ნებისმიერი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების გარდა, მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხებისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბენეფიციარებს ემსახურება.
როგორც ,, პირველი ნაბიჯის“ ხელმძღვანელებმა საკრებულოს დეპუტატებს განუმარტეს, ცენტრს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მომსახურების გამოცდილება აქვს და შემდგომი განვითარების მიზნით აუცილებელია ახალი პროგრამის შემუშავება. მათივე თქმით, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ცენტრი უკვე გეგმავს ე.წ. საპილოტე პროგრამის მომზადებას, რომელიც ბენეფიციარებს 18 წლის ზემოთაც მოემსახურება.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულო და მერია ყოველთვის ხელს შეუწყობს ასეთი სახის პროექტებს და მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო განვითარედეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე მისი ბიუროს წევრებთან ერთად უკვე ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც ინფორმაციულ უზრუნველყოფას გულისხმობს.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რაიონულ გამგეობებში მოეწყობა შეხვედრები, სადაც ბაღებისა და სკოლების პედაგოგები, ასევე პოლიკლინიკების ექიმები და დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ აღნიშული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მისივე თქმით, ბიუროს წევრები ასევე კოორდინაციას გაუწევენ მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხებისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბენეფიციარების ოჯახის წევრებს.
სარეაბილიტაციო ცენტრი ,, პირველი ნაბიჯი“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და 300-მდე ბენეფიციარს ემსახურება.