დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა დეპუტატებს ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების, ასევე "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამების“ განხორციელების წესები წარუდგინა.
დეპუტატებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების, ასევე სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამებისა და სხვა სოციალური დახმარების პროგრამებში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
მათ შორის, დეპუტატებმა დაავადებათა სკრინინგის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამების განხორციელების წესების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც კომისიის წევრებს აღნიშნული პროგრამების განხორციელების მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები წარუდგინეს.