08 აგვისტო 2019
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
ეთერ კიღურაძემ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ახალი მეთოდოლოგიების დაგეგმვისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამასთანავე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, მიზანზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, ასევე მომართვიანობის სტატისტიკასა და ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ასევე სკრინინგისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
პრეზენტაციას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.