დღეს, თბილისის საკრებულოში დამსახურებული მედიკოსები დააჯილდოვეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით გაიმართა და მასზე სამედიცინო სფეროს 90 წარმომადგენელი დაჯილდოვდა. 80-დან 100 წლამდე ასაკის მედიკოსებს დიპლომები, საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
სტუმრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა. მან ქართველი მედიკოსების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
„დღეს საკრებულოში დამსახურებულ, 80 წელს გადაცილებულ, მედიკოსებს ვუმასპინძლეთ. ღვაწლმოსილი ექიმები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება და საქმიანობა სხვა ადამიანებზე ზრუნვას მიუძღვნეს, ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას.
დღეს მოგვეცა შესაძლებლობა თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა გადაგვეხადა ჩვენი ქალაქის დამსახურებული ექიმებისთვის, მეცნიერებისთვის, ფარმაცევტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საქმეში. მართლაც ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში. ღვაწლმოსილი მედიკოსების პროფესიული წარმატების ისტორია არის მოტივაცია მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს და რთულ სფეროს ირჩევენ და რომელთა აღზრდაში დიდია მათი წვლილი. ბევრი მათგანი ახლაც საქმიანობს ამ სფეროში და მინდა თითოეულ მათგანს დიდი პატივისცემა დავუდასტურო და წარმატებები და მხნეობა ვუსურვო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემაც მიმართა. მისი განცხადებით, საკრებულოსთვის დიდი პატივია ასეთი დამსახურებული ექიმების მასპინძლობა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. იყო ღვაწლმოსილი ექიმი ნიშნავს, რომ შეუძლებელი შეძლო. ჩვენი პროფესიის წარმომადგენელთა ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად ნიჭს, ცოდნას და ადამიანის განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს. იყო კარგი ექიმი, ეს იგივეა იყო კარგი ადამიანი,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მეორედ უმასპინძლა. მსგავსი შეხვედრა პირველად 2017 წელს გაიმართა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023