თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, საკრებულოსა და “ავერსი-ფარმა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს“ავერსი-ფარმა“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მერიასა და რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, „ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით მისცემს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კომპანია „ავერსს“ თანამშრომლობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, დედაქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტების შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.
„ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ავერსს“ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის თქმით კი, აღნიშნული მემორანდუმი, თავისი შედეგებით უკვე იდეის დონეზეც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მერიას და რაიონულ გამგეობებს, ფასდაკლებული ფასებით, შეეძლებათ, კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს გაუწიონ დახმარება.
„ამ დროისთვის, ამ მეტად კეთილშობილურ ღონისძიებაში ჩართვის სურვილი კომპანია „ავერსმა“ გამოთქვა. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღნიშნულ შეთანხმებას სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც შეუერთდებიან. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი“ - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
კომპანია „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც „ავერსმა“ იკისრა ვალდებულება, დედაქალაქის მცხოვრებლებს, პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების დღეების გარდა, სხვა დღეებშიც ფასდაკლების პირობებით მოემსახუროს.
„ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის შედეგადაც მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ მედიკამენტზე ექნება წვდომა. „ავერსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავს პროექტებში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებს. ამ დროისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისა და თანამშრომლობის სურვილი შპს „ავერსი-ფარმამ“ გამოთქვა. დედაქალაქის საკრებულო იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც შეუერთდებიან.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023